ახალი წიგნები

რეზო ესაძე"კინორეჟისურის შესახებ"

ამ წიგნის თავფურცელს კი აწერია, სახელმძღვანელოაო, მაგრამ, ვეჭვობ, რეზო ესაძის ნააზრევი სახელმძღვანელოს კლასიკურ ჩარჩოებში ჯდებოდეს. ეს უფრო გასეირნებაა რთულ და საინტერესო სამყაროში, რომელსაც კინემატოგრაფი ჰქვია. აკი თავადაც წერს, დიდხანს ვიფიქრე და დავასკვენი, რომ კინოსახელმძღვანელოს დაწერა მართლაც შეუძლებელი ყოფილაო. ამიტომ ადგა და ნაფიქრალი ქაღალდზე გადაიტანა."მაპატიე, რომ გთავაზობ ფიქრებს კინოს შესახებ, მასში თავის დაკარგვისა და პოვნის ვნებააშლილი სურვილით," - უბოდიშებს ავტორი მკითხველს შესავალში, თუმცა, საბოდიშო ნამდვილად არაფერი აქვს.

რეიმონ კენო,"ქალი არ უნდა გაანებივრო"

ფრანგულიდან თარგმნა მაია ქაცანაშვილმა. თბ."ააფ-მენეჯმენტი", 2008

შარლ ბოდლერი,"სევდა და იდეალი"

ფრანგულიდან თარგმნა, წინათქმა და კომენტარები დაურთო მერაბ მიქელაძემ, რედაქტორი ბერნარ უტიე, დიზაინი მაია სუმბაძე. თბ."CAMS პრინტი", 2008.

მაკა მიქელაძე. წეროს ჯვარი

მაკა მიქელაძე მოთხრობების რამდენიმე კრებულის ავტორია, მათ შორისაა"ფლეში","ბარათი","ნარჩენი მოვლენები". გარდა ამისა, ბესო ხვედელიძესთან ერთად დაწერა ექსპერიმენტული რომანი"იხვის ტოლმა", სადაც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ექიმი-ფსიქიატრის სახე შექმნა. მაკა მიქელაძე პროფესიით ფსიქოლოგია და ეს ფაქტორი ძალიან ეხმარება პერსონაჟთა პორტრეტების ძერწვაში. მისი მოთხრობები ადამიანებისადმი თანაგრძნობითაა გამსჭვალული და შენც გაიძულებს თითოეული მათგანის ტკივილი და სიხარული გაიზიარო. პროზაული კრებული"წეროს ჯვარი" ბოლო წლების პერიოდიკაში გამოქვეყნებული მოთხრობებით აიკინძა.

თეონა დოლენჯაშვილი, მემფისი (რომანი)

'ჩვენ ვცხოვრობთ მემფისში - უძველეს და მაგიურ ქალაქში, სადაც თავმოყრილია მასალის, ფორმისა და ფაქტურის პარადოქსალური ნაზავი, სადაც არ შეიძლება წინასწარგანზრახულ ხატებს და სქემებს მივეჯაჭვოთ, სადაც რეალობა მუდმივ განახლებას გვაიძულებს". თანამედროვე მემფისი ახალი ტიპის ადამიანებითაა დასახლებული. ესენი არიან ადამიანი-მანქანები, ადამიანი-ავტომატები, რომლებიც გამოგონილი, ილუზიური ცხოვრებით ცხოვრობენ. ცხოვრებით, სადაც ადამიანურ შეგრძნებებსა და ურთიერთობებს წარმატებით ენაცვლება საგნები და ნივთები. ნივთები კომფორტს ქმნის.

15 საუკეთესო ქართული მოთხრობა

ექვსი წელია "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა" ქართველ მკითხველს ერთ კრებულად აკინძულ წლის 15 საუკეთესო მოთხრობას სთავაზობს. ამჯერად 2008 წლის პერიოდულ პრესასა და კრებულებში გამოქვეყნებული მოთხრობები შეიკრიბა. ავტორებისთვის ეს კიდევ ერთი დამატებითი სტიმულია კარგი ნაწარმოების შესაქმნელად, გამომცემლობისა და მკითხველისთვის - ლიტერატურული პროცესის თვალის სადევნებლად.

კოტე ჯანდიერი, კონკიას ღამე

ამ კრებულს ბევრი ელოდა. კარგა ხანია კოტე ჯანდიერს წიგნი აღარ გამოუცია. მიუხედავად იმისა, რომ "კონკიას ღამე" ძირითადად მკითხველისთვის ნაცნობ მოთხრობებს აერთიანებს, ერთად თავმოყრილი კიდევ ერთხელ გადაკითხვის სიამოვნებას ჰპირდება ლიტერატურის მოყვარულთ.

გერმანული პოეზიის მცირე ანთოლოგია. გერმანულიდან თარგმნა მარიამ ქსოვრელმა

გერმანული პოეზია მსოფლიო პოეტური მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. წინამდებარე კრებული მოკრძალებული მცდელობაა, ქართველ მკითხველს შეძლებისდაგვარად გააცნოს გერმანული კაზმული სიტყვიერება, მისი განვითარების ეტაპების შესაბამისად. მართალია, ეს ყველაფერი არ არის ამომწურავი და სისტემური, თუმცა, დაინტერესებულ მკითხველს გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის.

იუსტაინ გორდერი, ფორთოხლის გოგონა, ინგლისურიდან თარგმნა დათო აკრიანმა

ცნობილი ნორვეგიელი მწერლის, იუსტაინ გორდერის ეს მშვენიერი რომანი 2004 წელს დაიწერა. გახმაურებული "სოფიას სამყაროს" ავტორმა დაწერა წიგნი სიკვდილსა და სიცოცხლეზე, არჩევანის თავისუფლებაზე, ცხოვრების დიდ ლატარიაზე, რომელშიც მხოლოდ გამარჯვებული ბილეთები ჩანს.

ივ ტისიე, ევროპის ლექსიკონი. თბილისი, სამეცნიერო რედაქტორი: ოთარ ჯანელიძე, რედაქტორი: მანანა მექვაბიშვილი

პოლიტოლოგების, დიპლომატებისა და პოლიტიკური მეცნიერებებით დაინტერესებული მკითხველისთვის ეს წიგნი ნამდვილი საჩუქარია. მასში მოთხრობილია ევროპის ისტორია ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში, თანამედროვეობის ჩათვლით. გამქრალი და თანამედროვე სახელმწიფოები 1789 წლიდან დღემდე - ასეთია ამ მასშტაბური გამოცემის გეოპოლიტიკური არეალი.

იმრე კერტესი, კადიში არდაბადებულ ბავშვზე, თარგმნა ციალა კალმახელიძემ

უნგრელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, იმრე კერტესის ნაწარმოებები პირველად გამოდის ქართულ ენაზე. წიგნში შესულია ავტორის ორი საკმაოდ ცნობილი თხზულება: "კადიში არდაბადებულ ბავშვზე" და "თვითმკვლელობა". ასევე ლექცია, რომელიც 2002 წელს ავტორმა ნობელის პრემიის მიღებისას სტოკჰოლმში წაიკითხა.

გიორგი მირზაშვილი, წარმტაცი ქალაქი

გიორგი მირზაშვილი მხატვარია და ეს მის ლექსებშიც იგრძნობა. ვერ იტყვით, სად გადის ზღვარი მის ლექსწერასა და ფერწერას შორის, ან გადის კი საერთოდ? მხატვარი ხომ იგივე პოეტია, რომელიც ფერებით ამბობს სათქმელს, ფერი რომ შემოაკლდება - ბგერებით. ამ შემთხვევაში, გიორგი მირზაშვილის ბგერწერა "წარმტაც" ქალაქს გვიხატავს, ქალაქს, რომელიც ისეთივე უსახურია, როგორც ზამთრის სიცივე, ისეთივე სევდიანი, როგორც მიტოვებული სახლის თუნუქის სახურავი და ისეთივე უხალისო, როგორც უჩუბჩიკო ჩიჩილაკი.

15-15

15-15, თბილისი, სიესტა, 2009

გიორგი ლორთქიფანიძე

"გიორგი ლორთქიფანიძეს ერთი, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი თვისება აქვს, რაც ჩვენს ლიტერატურაში იშვიათი ხილია - მას საინტერესო ამბის მოფიქრება შეუძლია. ამ ნიჭს ის, რა თქმა უნდა, ჟანრულ ლიტერატურამდე უნდა მიეყვანა, მაგრამ მან ამ იოლ გზაზე უარი თქვა, რაც უკვე ეთიკური არჩევანია. ამიტომაც ეს წიგნი ჟანრებს შორისაა "გამოკიდებული", ეს კი იმის მაუწყებელია, რომ გიორგი ლორთქიფანიძე ნამდვილად თანამედროვე მწერალია", - წერს ავტორის შესახებ ლიტერატურათმცოდნე ზაზა შათირიშვილი.

მაკა ლდოკონენი, ქიშმიშიანი ამბები

იცით ვინ არის კინკაჟუ? ანდა, რას ნიშნავს უცნაური სიტყვები - მოისკილიკიმაჟურა და ჩაისკილიკიმაჟურა? გსმენიათ რამე ზღაპართასხმულაზე? მაშინ მაკა ლდოკონენის მოთხრობების კრებული უნდა წაიკითხოთ, რომელიც სავსეა ქიშმიშიანი ამბებით და მერე როგორი ქიშმიშიანით! ყელს რომ ჩაგიკოკლოზინებთ და ბავშვობის სურნელით აგავსებთ, თოვლის პაპას არსებობაში დაგარწმუნებთ და ნაძვის ხის ქვეშ დატოვებულ საჩუქრებს მოგაძებნინებთ.

თიკა ჭიჭინაძე, ეიფორია

ასეთებს დღეს თბილისში ბლომად შეხვდებით: ძირითადად, ინგლისური და კომპიუტერი იციან, სხედან გაწკრიალებულ ოფისებში, სვამენ ცხელ ყავას და მიბნედილი თვალებით შეჰყურებენ მონიტორს.