სიმხდალე დილითვე დამეძგერა და ახლაც ისე მაჯანჯღარებს, რომ გულ-მუცელი ერთმანეთში მეზილება. რიგი აქაც თუ იარსებებდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ალბათ მეთხუთმეტე მაინც ვიქნები. ამ რაღაც, ერთჯერადად გადასატანი მომენტის შიში გონებას მაკარგვინებს. თან, ამაზე კი არ ვბრაზდები, პირიქით, საკუთარი თავის სიბრალულის კედლებშუა ვარ ჩაჭედილი და მაზოხისტურად მსიამოვნებს, რომ ცოდო ვარ. ეს ისე აღმაგზნებს, როგორც ხარს წითელი ფერი.